დადგენილება №633

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ


მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო)  წარდგინებით.

2. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.

3. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

 

მუხლი 2. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება

1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული  პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომში − შემოსავლების სამსახური).

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო  ნომერი, სახელწოდება, მისამართი);

ბ) საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).

3. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

4. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადა.

5. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში:

ა) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით;

ბ) უარი თქვას განცხადების სამინისტროსათვის წარდგენაზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

6. შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, თუ:

ა) მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი დადგენილ ვადაში.

7. მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

8.  მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება მეწარმე სუბიექტს და შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 3. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება

1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით (წერილობით ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს მეწარმე სუბიექტი, თუ იგი გეგმავს შეაჩეროს ან დროებით შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა. შემოსავლების სამსახური განცხადებას წარუდგენს სამინისტროს,  საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

2. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შეჩერებულად ითვლება სტატუსის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

4. მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მეწარმე სუბიექტსა და შემოსავლების სამსახურს.

5. ეკონომიკური საქმიანობის განახლების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, სტატუსის აღდგენის მიზნით, უფლებამოსილია, მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით.

6. მეწარმე სუბიექტისათვის შეჩერებული სტატუსის აღდგენა ხორციელდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებისათვის ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

მუხლი 4. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტა

1. მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი უწყდება:           

ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მეწარმე სუბიექტის მიერ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) მეწარმე სუბიექტის  ინიციატივით, თუ მას აღარ სურს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს  სტატუსით სარგებლობა ან შეიცვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რის საფუძველზეც მინიჭებული ჰქონდა ეს სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 60 დღის ვადაში შესაბამის მასალებს წარუდგენს სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

3. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის  შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შეწყვეტილად ითვლება სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

4. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ  მეწარმე სუბიექტსა და  შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 5. რეესტრის წარმოება

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.