მუხლი 176. უკუდაბეგვრა

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად. 
2. თუ საგადასახადო აგენტს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტი (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) მიეწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით და შესაბამისად არ კვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით, მაშინ ასეთი მიწოდებისათვის გასაცემი თანხა ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას ამ მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე. 
5. საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანაგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი