მუხლი 174. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის: 
ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
ბ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებულ საქონელთან/მომსახურებასთან მიმართებით ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) გათვალისწინებით.(20.12.2011 N 5556)
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:
ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;
ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში; (13.10.2011. N5120)
ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის; 
ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის. 
3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ა) პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით; 
ბ) ამ მუხლის მე-4–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული ან/და გამოსაყენებელი საქონლის/მომსახურების საწარმოებლად გაწეულ ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე; 
გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას;
დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:

დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);

დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის მე-4 კვარტალის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);

ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:

ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);

ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით); 

ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება. (17.12.2010. N4114)
ზ) საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ერთ-ერთი მხარე არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი. ამ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ სანაცვლოდ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულება ტოლია მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულებისა, მასზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის ჩათვლით.(20.12.2011 N 5556)
174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს (2012 წლის 12 ივნისი. №6446-რს)


3-1 . ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე. (2012 წლის 15 მაისი.№6211-რს)

4. ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. 
5. თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
6. თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით; 
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. 

7. ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;
გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად; 
გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.


კარი 06 დამატებული ღირებულების გადასახადი

საგადასახადო კოდექსი ( 2013 წლის )


დამახსოვრება