საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2- 52 2012 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №2-135 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ . გოროზია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულებების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

2. დეპარტამენტი თავისი საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონიერების, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პროფესიონალიზმისა და სამართლიანობის პრინციპებზე.

    მუხლი 2. სამსახურებრივი ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა

1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრის) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.

2. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებით, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;

ე) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

თ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;

ი) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;

კ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ლ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

მ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ნ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ო) სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

პ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ჟ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

რ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;

ს) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;

ტ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

უ) მინისტრთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა;

ფ) სხვა საქმიანობების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტი შედგება უფროსისგან, მოადგილისაგან, მთავარი და უფროსი სპეციალისტებისაგან, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 5. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები

1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და გაანალიზოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო;

ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების , სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორციელების მიზნით , მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა) , გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით ან/და მოითხოვოს ქმედებების განხორციელება. ასევე , უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

გ) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება;

დ) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;

ე) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები, საჩივრები (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;

ვ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის ან/და შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით.

2. დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) შეადგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად , შიდა აუდიტორული ანგარიში და გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შიდა აუდიტის ობიექტს;

ვ) შეადგინოს სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა და გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს;

ზ) შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების ანგარიშის/დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.

    მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტმენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ თანამშრომელთა შორის;

ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;

ზ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

ი) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

კ) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და წარუდგენს მინისტრს მათ დასანიშნად;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ნ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ო) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

პ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

ჟ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;

რ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.

ს) წარუდგენს მინისტრს შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების ანგარიშებს/დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ტ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და წარუდგენს მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;

უ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ფ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს/მითითებებსა და კანონმდებლობიდან და სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ეცნობა დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს/დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში თავის წინადადებებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ თანამშრომელთა შორის;

ე) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ზ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

    მუხლი 8. დეპარტამენტის მთავარი და უფროსი სპეციალისტები

დეპარტამენტის მთავარი და უფროსი სპეციალისტები:

ა) თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებით, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების საფუძველზე;

ბ) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებსა და დავალებებს, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

    მუხლი 9. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა

1. დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში ან სამინისტროს არქივში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

2. დეპარტამენტში არსებული საქმის მასალების პირველად არქივაციაზე, დამუშავებასა და აღრიცხვა-შენახვაზე, სტატისტიკური მონაცემების პერმანენტულ წარმოებაზე, ასევე, დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული დოკუმენტაციის, კორესპონდენციის აღრიცხვა-შენახვასა და საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელნი არიან მთავარი და უფროსი სპეციალისტები.

    მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი

1. შიდა აუდიტორებს უფლება არა აქვთ, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.

2. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;

ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;

გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი. 
Comments