საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №80 2012 წლის 14 მარტი ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი 060111, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 78. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება

1. აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური და არამატერიალური ფორმის. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს (შემდგომში – შერჩეული პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი.

2. აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება საქონელზე ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილას.

3. მატერიალური ფორმის აქციზური მარკის დაკვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც საქონლიდან აქციზური მარკის დაზიანების გარეშე აძრობის საშუალებას არ იძლევა.

4. აქციზურ საქონელზე მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება განხორციელებულ უნდა იქნეს ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ მატერიალური ფორმის აქციზური მარკის მოხსნა მან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება.

5. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილი მატერიალური ფორმის აქციზური მარკა ტარაზე ეკრობა ზევიდან (თავსახურზე) „Г” „П” ან „Z”-ის ფორმით იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ ეკვროდეს გახსნის ადგილს. აქციზურ მარკაზე ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს მასზე დატანილი საიდენტიფიკაციო აღმნიშვნელები.

6. თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია მუყაოს მყარ კოლოფში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკა ეკრობა კოლოფის მარცხენა მხარეს, რომელიც უნდა მოიცავდეს მარცხენა გვერდით მხარეს, გახსნისა დგილს და კოლოფის უკანა მხარეს.

8. თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია ქაღალდის რბილ კოლოფში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკა ეკრობა ზემოდან შეფუთვის შუა ნაწილში იმგვარად, რომ მან მოიცვას კოლოფის სამი მხარე, მათ შორის, კოლოფის გახსნის ნაწილი.

9. თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია ბრტყელ სიგარეტის ან/და პაპიროსის კოლოფში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკა ეკრობა კოლოფის გახსნის ადგილას.

10. სიგარა და სიგარილა, რომელიც დაფასოებულია კოლოფში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკა ეკრობა კოლოფის გახსნის ადგილას პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (მისი არსებობის შემთხვევაში).

11. სიგარა და სიგარილა, რომელიც დაფასოებულია ცალობით, მატერიალური ფორმის აქციზური მარკა ეკრობა არსებულ შეფუთვაზე გახსნის ადგილას.

12. ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის, სიგარა-სიგარელას აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება არსებულ შეფუთვაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

13. ლუდს, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება გვერდზე ან თავსახურზე, ხოლო არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის, კასრის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე.

14. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული განსხვავებული დაფასოებისა და შეფუთვის საქონლის შემთხვევაში, ამ საქონლის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია, წინასწარ თანხმობის მიღების მიზნით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

2. ამოღებულ იქნეს დანართი №IV-02.

3 .79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 79. აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება

 1. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას.

2. აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ან ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარებში.

3. შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:

ა) პროდუქტის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელისათვის (იისფერი – აქციზური მარკა, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქტის სახეობის შესახებ (არაყი) და წითელი აქციზური მარკა, რომელზეც არ არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქტის სახეობის შესახებ) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6,6 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ბ) პროდუქტის წარმომავლობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელისათვის (მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი” – ადგილობრივი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა და ცისფერი ფერი, წარწერით „იმპორტი” – იმპორტული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6.595 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

გ) ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4,3 ლარის ოდენობით;

დ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 9.03 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ე) იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი – ნარინჯისფერი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4,85 ლარის ოდენობით;

ვ) იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (ლურჯი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 2.47 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ზ) ლუდის ნაწარმისათვის (მწვანე – ადგილობრივი, ლურჯი – იმპორტული) განკუთვნილ1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4.03 ევროს ეკვივალენტი ლარებში.

4. შერჩეული პირის მიერ მიწოდებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:

ა) იმპორტული ფილტრიანი (სიგარა, სიგარილა) და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 5.0 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ბ) ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 3.2 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

გ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8.2 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

დ) ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლური ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8.0 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ე) იმპორტული ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ვ) ადგილობრივი ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 5.5 ევროს ეკვივალენტი ლარებში.“.

4. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-14 პუნქტი:

„14. შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების რეალიზაციის შემთხვევაში, აქციზური მარკის შეძენის განაცხადი და შერჩეული პირის ანგარიშზე გადახდილი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებების ასლები წარედგინება შერჩეულ პირს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე
Comments