2391-IIს გამოქვეყნების თარიღი 12/06/2018

საქართველოს კანონი

 
 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72-​1 მუხლი:

„მუხლი 72​ 1.  საგადასახადო დოკუმენტი

1. საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომ − სდ) არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც გამოიწერება:

ა) ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას;

ბ) საქონლის მიწოდებისას;

გ) მომსახურების გაწევისას.

2. სდ-ის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა.

3. დღგ-ის გადამხდელისათვის სდ არის დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი.

4. სდ-ის გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში დადგებოდა სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისას/ გამოუწერლობისას.

5. სდ-ის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევისას გამოიყენება შესაბამისად სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისა და წარდგენის წესთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები.

6. სდ შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

7. სდ-ის გამოწერისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. 88-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.“.

3. 89-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;

ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;

გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;

დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.  

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.“.

4. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.“.

5. 91-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.“;

დ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისთვის სტატუსის გაუქმებისას არსებული სასაქონლო ნაშთების აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;

ვ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.“.

7. 93-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1​1 ნაწილი:

„1​1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.

8. 94-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი მიმდინარე გადასახდელებს არ იხდიან.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაქირავებული პირებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;

ბ) მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს.“.

9. 97-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორგანიზაციის, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან ან/და არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან (მათ შორის, არ არის დაკავშირებული საქველმოქმედო საქმიანობასთან ან არ გამომდინარეობს გრანტის ხელშეკრულების მიზნიდან);

ბ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, თუ ეს არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან;

გ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.“;

ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.“.

10. 98​​2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;“.

11. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა“–„გ​1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, რომელიც, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება;“.

13. 106-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;“.

14. 133​3 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.“.

15. 135-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეზიდენტი საწარმოსთვის, ორგანიზაციისა და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (პირები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

16. 143-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის (პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი.“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-2 და მე-5−მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.“.

17. 153-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეწარმე ფიზიკური პირი და საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.“;

გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3  ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.“.

18. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;“.

19. 161-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოიჯარის (გარდა ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) მიერ ძირითადი საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება, რომლის დროსაც:

ვ.ა) დასაბეგრი ოპერაციების თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება;

ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი;“;

ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

20. 168-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ​1“ ქვეპუნქტი:

„ლ​1) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონელი;“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ​1“ ქვეპუნქტი:

„ძ​1)  საჰაერო ხომალდებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განმახორციელებელი ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა;“;

ბ.ბ) „წ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში;“.

21. 175​1 მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან, თუ სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით.“.       

23. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ​1“ ქვეპუნქტი:

„ლ​1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის, თუ სატრანსპორტო საშუალების იმპორტის განმახორციელებელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილებას საჭიროებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი შესაბამისმა პირმა შეიძლება გამოიყენოს 3 წელიწადში ერთხელ;“.

24. 286-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი, მე-2, 3​1 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 95​3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.“.

25. 288-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 288. მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა

ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

26. 297-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა ამ მუხლის 3​1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3​1 ნაწილი:

„3​1. ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურში არ საჩივრდება. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.“.

27. 309-ე მუხლის:

ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“;

ბ) 94-ე და 95-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„94. კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ლომბარდი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან 2023 წლის 1 იანვრიდან.

95. 2023 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.“;

გ) 99-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„99. ამ კოდექსის 98​​1 მუხლის მიზნებისთვის:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად არ ითვლება;

ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება, აგრეთვე 2017 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის 2023 წლის 1 იანვრამდე განაწილება მოგების განაწილებად ითვლება.“;

დ) 106-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 107-ე ნაწილი:

„107. 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.“;

ე) 107-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 108-ე−110-ე ნაწილები:

„108. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საგადასახადო პერიოდისათვის საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა.

109. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, ვალდებულია არასრული საგადასახადო პერიოდისათვის (2018 წლის 1 იანვრიდან სტატუსის მინიჭების თვემდე პერიოდისათვის) საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა.

110. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებისათვის ამ კოდექსის 93-ე მუხლის 1​1 ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარსადგენად დადგენილი ვადის დარღვევისათვის ამ კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-12 და  მე-15 ნაწილებისა, მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-17 ნაწილისა, მე-19 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 21-ე, 24-ე და 25-ე ნაწილებისა და 27-ე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8, მე-10, მე-12, 21-ე, 24-ე და 25-ე ნაწილები და 27-ე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9, მე-11 და მე-15 ნაწილები, მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-17 ნაწილი და მე-19 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-18 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2018 წ.

N2391-IIს