შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას და შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2011 და 2012)

 

საქართველოს მთავრობა

და

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა

 

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას  შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით,

 

ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით,

 

აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს,

 

მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას,

 

2011 წლის 20 ოქტომბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმზე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2012 წლის 25 მაისის №6412012 თანხმობის ნოტაზედაყრდნობით

 

შეთანხმდნენ შემდეგზედ:

 


მუხლი 1

(1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სხვა მიმღებ მხარეს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს შემდეგი თანხები:

1.   სესხი სულ 4.000.000,00 (სიტყვიერად: ოთხი მილიონი) ევროს ოდენობით პროექტისათვის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია III, სანიაღვრე სისტემის მართვა”, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა;

2.   ფინანსური დახმარებები შემდეგი პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის:

ა)  მაქსიმუმ 750.000,00 ევროს ოდენობით მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტისათვის;

ბ)  მაქსიმუმ 250.000,00 ევროს ოდენობით პროექტისათვის „დასავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია”.

3.   ფინანსური დახმარება სულ 4.250.000,00 ევროს ოდენობით პროექტისათვის „დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში”, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურდა, რომ ის აკმაყოფილებს ფინანსური დახმარებით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს. ასეთ პროექტებს განეკუთვნება გარემოსდაცვითი ან სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი, საშუალო საწარმოებისათვის განკუთვნილი საკრედიტო საგარანტიო ფონდი, თვითდახმარებაზე ორიენტირებული სიღარიბის დაძლევის ღონისძიება ან ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიება.

(2) გარდა ამისა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას ან გერმანიის მთავრობასთან შეთანხმებით შესარჩევ სესხის მიმღებ სხვა მხარეს:

1.   პროექტისათვის „განახლებადი ენერგიის პროგრამა II” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 25 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე

2.   პროექტისათვის „ნარჩენების კლიმატისათვის უსაფრთხო მართვა” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 20 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში,

თუ დადასტურდა პროექტების დაფინანსების მიზანშეწონილობა განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით, მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კრედიტუნარიანობა და საქართველოს მთავრობა მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში დასახელებული პროექტისათვის გასცემს სახელმწიფო გარანტიას, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ წარმოადგენს სესხის მიმღებს. ეს პროექტები არ შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით.

(3) თუ პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში დასახელებულ პროექტთან დაკავშირებით ვერ ხერხდება აღნიშნული დადასტურების მიღება, მაშინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან მიიღოს სესხი, ამ პროექტისთვის ფინანსური დახმარების სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობით.

(4) პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით. თუ პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში დასახელებული პროექტი შეიცვლება სხვა პროექტით, რომელიც როგორც გარემოსდაცვითი ან სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი, ან როგორც საშუალო საწარმოებისათვის განკუთვნილი საკრედიტო საგარანტიო ფონდი, ან როგორც თვითდახმარებაზე ორიენტირებული სიღარიბის დაძლევის ღონისძიება, ან ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიება, აკმაყოფილებს ფინანსური დახმარებით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს, შეიძლება გამოიყოს ფინანსური დახმარება, სხვა შემთხვევაში კი _  სესხი.

(5) იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს დამატებითი სესხები ან ფინანსური დახმარებები პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების მომზადებისათვის, ან მიიღოს დამატებითი ფინანსური დახმარებები ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, მაშინ ასევე გამოყენებას ჰპოვებს წინამდებარე შეთანხმება.

(6) პირველი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში დასახელებული ფინანსური დახმარებები, რომლებიც გამოიყოფა პროექტების მომზადებისა და თანმდევი ღონისძიებებისათვის, შეიცვლება სესხით, თუ ისინი გამოყენებული არ იქნება ასეთი ღონისძიებებისათვის.

 

მუხლი 2

(1) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გამოყოფის პირობები, ასევე შემსრულებლისათვის პროექტის განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და სესხისა და ფინანსური დახმარების მიმღებ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით.

(2) პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველ, მეორე და მესამე ქვეპუნქტებში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან რვა წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები სესხებისა და დაფინანსების შესახებ. ამ თანხებს ვადა ეწურება 2019 წლის 31 დეკემბერს. გამონაკლისი ეხება პირველი მუხლის პირველი პუნქტის მეორე ქვეპუნქტის „ა)“ ნაწილში აღნიშნული თანხის ნაწილს, რაც შეადგენს 250.000,00 ევროს. ამ თანხის 2012 წლის თანხმობას ვადა ეწურება 2020 წლის 31 დეკემბერს.

(3) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის სესხის მიმღები, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის მიმღების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიმართ ყველა სახის ანგარიშსწორება განხორციელდება ევროში. ეს გარანტია არ ვრცელდება პირველი მუხლის მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნულ პროექტზე.

 

(4) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის ფინანსური დახმარებების მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შესაძლო პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

მუხლი 3

(1) საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი გადასახადისა და სხვა ოფიციალური მოსაკრებლისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშობა მე-2 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით.

(2) პირველ და მეხუთე მუხლებში აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში წარმოშობილი გადასახადები და სხვა მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საქონლის მიწოდებასა და მომსახურებასთან, გადახდილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ, თუმცა მათი გადახდა არ უნდა განხორციელდეს პირველი და მეხუთე მუხლებით გათვალისწინებული სესხებისა და ფინანსური დახმარებების თანხებიდან. ამისათვის საქართველო საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს შესაბამის თანხებს. 

 

მუხლი 4

აღნიშნული სესხებისა და ფინანსური დახმარებების გამოყოფიდან გამომდინარე, პირებისა და საქონლის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას, საქართველოს მთავრობა მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო ფირმების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო ფირმების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ადგილსამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო ფირმების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვას.

 

მუხლი 5

(1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 2003 წლის 20 აგვისტოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებებით პროექტისათვის „ენერგოგანაწილება I-ის რეაბილიტაცია“ გათვალისწინებული სესხი რეპროგრამირებული იქნება 2.988.338,99 ევროს ოდენობის თანხით და დამატებით გამოყენებული იქნება პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველ ქვეპუნქტში დასახელებული პროექტისათვის, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა მისი დაფინანსების მიზანშეწონილობა.

(2) დანარჩენ შემთხვევებში ასევე ამ პროექტისთვისაც ძალაში რჩება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დებულებები.

 

მუხლი 6

ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.

 

შესრულებულია თბილისში, 2012 წლის   31 მაისს ორ დედნად, თითოეული გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

/ხელმოწერილია/

გერმანიის ფედერაციული

რესპუბლიკის მთავრობის სახელით

/ხელმოწერილია/

Comments