საქართველოს მთავრობის დადგენილება №473 2011 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგლამენტის მოქმედების სფერო

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს, აგრეთვე დავის განმხილველი ორგანოებისა და მათი აპარატების საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ფუნქციებსა და ფუნქციონირების წესს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დავის განმხილველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავების განხილვის საბჭო);

ბ) მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში;

გ) მოპასუხე – ორგანო, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მომჩივანი. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით მოპასუხედ შეიძლება ჩართული იყოს ის ორგანო, რომელიც მონაწილეობდა სადავო გადაწყვეტილების გამოცემაში;

დ) წარმომადგენელი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია წარადგინოს მომჩივანი ან მოპასუხე დავის განმხილველ ორგანოში;

ე) თავმჯდომარე – დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელი;

ვ) სხდომის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი, რომელიც უძღვება საბჭოს სხდომას მიმდინარეობისას;

ზ) აპარატი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას, მომჩივნებისთვის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას;

თ) შეტყობინება ხარვეზის შესახებ – აპარატის წერილობითი გზავნილი მომჩივნის მიმართ, რომელიც შეიცავს მონაცემებს საჩივარში აღმოჩენილი პროცედურული მოთხოვნების დარღვევების თაობაზე;

ი) მოსამზადებელი შეხვედრა – დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად დავის მხარეებთან გამართული მოსამზადებელი შეხვედრა.

 მუხლი 3. საგადასახადო დავის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა

1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოითხოვოს მის შესახებ დაცული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დავის განმხილველი ორგანოდან.

2. დავის განმხილველი ორგანოდან მომჩივნის თანხმობის გარეშე მესამე პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემა დაუშვებელია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება დავების განხილვის საბჭოსა და მის აპარატზე.

3. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება დასაშვებია მომჩივნის თანხმობით ან გადაწყვეტილების ტექსტიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების ამოღებით.

4. დაუშვებელია საბჭოს თათბირზე გამართული მსჯელობის შინაარსის ჩაწერა ნებისმიერი საშუალებით ან/და მისი გახმაურება.

5. საჩივრის თაობაზე დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაზე ვრცელდება აღმასრულებელი პრივილეგია.

თავი II

 დავის განმხილველი ორგანოები

    მუხლი 4. შემოსავლების სამსახური

1. შემოსავლების სამსახური, როგორც დავის განმხილველი ორგანო, შედგება მისი ხელმძღვანელების, სათათბირო ორგანოსა და აპარატისაგან.

2. სათათბირო ორგანოს შემადგენლობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

    მუხლი 5. დავების განხილვის საბჭოს სტრუქტურა

1. დავების განხილვის საბჭო შედგება 13 წევრისაგან.

2. დავების განხილვის საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

    მუხლი 6. დავის განმხილველი ორგანოს სხდომა

1. დავის განმხილველი ორგანოს სხდომა იმართება საჩივრების რაოდენობისა და მათი განხილვის ვადის გათვალისწინებით.

2. საბჭოს სხდომა დახურულია.

    მუხლი 7. დავების განხილვის საბჭოს სიმბოლიკა

დავების განხილვის საბჭოს შესაძლებელია ჰქონდეს დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ბლანკი და გერბი.

    მუხლი 8. დავების განხილვის საბჭოს წევრები

1. დავების განხილვის საბჭოს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საჯარო მოსამსახურის დავების განხილვის საბჭოს წევრად დანიშვნა ხდება შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგენის საფუძველზე.

3. პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე, საბჭოს წევრად ინიშნება პირადი განცხადებისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

    მუხლი 9. დავის განმხილველი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და შეჩერების საფუძვლები

1. დავის განმხილველი ორგანოს წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;

გ) თანამდებობრივი ცვლილების შემთხვევაში;

დ) მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში;

ე) გარდაცვალების შემთხვევაში.

2. დავის განმხილველი ორგანოს წევრის უფლებამოსილება ჩერდება მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში.

    მუხლი 10. დავის განმხილველ ორგანოში წევრობასთან შეუთავსებელი საქმიანობა

1. დავის განმხილველი ორგანოს წევრს უფლება აქვს ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. დავის განმხილველი ორგანოს შემადგენლობაში მონაწილეობისათვის მის წევრებს ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია მიეცეთ დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი და შემოსავლების სამსახურის უფროსი.

    მუხლი 11. განსჯადობა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.

2. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისათვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

თავი III

დავის განმხილველი ორგანოს აპარატის შემადგენლობა, ფუნქცია და უფლებამოსილება

    მუხლი 12. აპარატის შემადგენლობა

1. დავების განხილვის საბჭოს აპარატის ფუნქციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/სტრუქტურულ ერთეულს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოს აპარატის ფუნქციას შემოსავლების სამსახურში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/სტრუქტურულ ერთეულს ანიჭებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. აპარატი შედგება აპარატის თანამშრომლებისა და მათი ხელმძღვანელებისაგან.

    მუხლი 13. აპარატის ფუნქცია

1. დავების განხილვის საბჭოს აპარატი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, დავის წარმოებასთან დაკავშირებით საბჭოს აღმოუჩენს მხარდაჭერას.

2. აპარატი პერიოდულად ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აისახება სტატისტიკური ინფორმაცია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

3. აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში ქვეყნდება დავის განმხილველი ორგანოს ვებგვერდის ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით.

თავი IV

საჩივრის განხილვა

    მუხლი 14. საჩივრის რეგისტრაცია

საჩივარი, აპარატში წარდგენისას, რეგისტრირდება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში.

    მუხლი 15. საჩივრის წარმოებაში მიღება

1. მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აპარატი ადგენს, შეიცავს თუ არა საჩივარი ხარვეზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის დასაშვებობა სადავოა, აპარატი ითხოვს დამატებით ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

3. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივრის განხილვა ჩერდება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან ხარვეზის სრულად გამოსწორების მომდევნო დღემდე, ხოლო მომჩივანს მიეცემა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

4. ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოებები, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს მომჩივნის მიერ ხარვეზის სრულად გამოსწორება.

5. ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელება დასაშვებია მომჩივნის მოტივირებული შუამდგომლობით. შუამდგომლობა წარდგენილი უნდა იყოს განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

6. ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელებაზე უარი საჩივრდება იმავე დავის განმხილველ ორგანოში, რომლის აპარატმაც მიიღო გადაწყვეტილება.

7. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზის შესახებ შეტყობინების ჩაბარების ყველა შესაძლო მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, აპარატი ატყობინებს დავის განმხილველ ორგანოს მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის შესახებ.

8. საჩივრის განხილვა განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში სრულად გამოასწორებს აპარატის მიერ მითითებულ ხარვეზს.

 მუხლი 16. საჩივრის მომზადება განსახილველად

1. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურულ მოთხოვნებს, იგი მიიჩნევა დასაშვებად, რის შემდეგაც აპარატი ამზადებს ინფორმაციას საჩივრის შესახებ და წარუდგენს მას დავების განმხილველ ორგანოს.

2. დავის განმხილველი ორგანოსათვის მომზადებულ ინფორმაციაში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) მომჩივნის დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები;

გ) საჩივრის რეგისტრაციის თარიღი;

დ) დავის საგანი;

ე) სადავო თანხა;

ვ) საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელი გარემოება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) ფაქტების აღწერა;

თ) მომჩივნის არგუმენტაცია;   

ი) მოპასუხე ორგანოს არგუმენტაცია;

კ) დავების განხილვის საბჭოს აპარატის შემთხვევაში, რეკომენდაცია გადაწყვეტილების თაობაზე.

    მუხლი 17. მოსამზადებელი შეხვედრა

დავების განხილვის საბჭოს აპარატს უფლება აქვს თავისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დავის მხარეებთან ჩაატაროს მოსამზადებელი შეხვედრა საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად.

    მუხლი 18. საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა

1. თუ საქმის შესწავლისას აპარატი გამოავლენს, რომ დავის განმხილველი ორგანოსათვის საჩივრის გადასაწყვეტად საჭიროა ისეთი ინფორმაციის ან მტკიცებულებების გაცნობა, რომელიც საქმეში არ მოიპოვება, ის უფლებამოსილია წერილობით გამოითხოვოს იგი, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა.

2. მოპასუხე ორგანოში დაცული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მომჩივნის თაობაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს დავის განმხილველი ორგანოსა და მისი აპარატისათვის.

    მუხლი 19. მომჩივნის ინფორმირება ზეპირი განხილვის ჩანიშვნის თაობაზე

საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე სხდომის ჩატარების არანაკლებ წინა დღეს ეცნობება მომჩივანს აპარატის ხელთ არსებული ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით.

    მუხლი 20. ზეპირი განხილვა

1. ზეპირ განხილვაზე განსახილველ საკითხთა რაოდენობასა და თანმიმდევრობას განსაზღვრავს აპარატი, დავის განმხილველი ორგანოს წინადადებების გათვალისწინებით.

2. ზეპირი განხილვის სხდომა დახურულია. საბჭოსა და მხარეთა თანხმობით სხდომას შესაძლებელია დაესწროს გარეშე პირიც.

3. საჩივრის ზეპირი განხილვა იწყება აპარატის შესაბამისი თანამშრომლის მოხსენებით, რომლითაც თანამშრომელი აცნობს საბჭოს წევრებს საჩივრის შინაარსს. საჩივრის გაცნობის შემდეგ მომჩივანსა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელს ეძლევათ დრო საკუთარი არგუმენტაციის წარსადგენად.

4. დავის განმხილველი ორგანოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ მომჩივანსა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებს.

5. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს დაატოვებინოს სხდომა წესრიგის დამრღვევს.

    მუხლი 21. სხდომის თავმჯდომარე ზეპირი განხილვისას

1. ზეპირი განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს დავის განმხილველი ორგანოს წევრი შემდეგი პრიორიტეტულობით:

ა) დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელი (თავმჯდომარე);

ბ) დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე);

გ) დავის განმხილველი ორგანოს აპარატის უფროსი (თუ იგი ამავდროულად არის დავის განმხილველი ორგანოს წევრი);

დ) დავის განმხილველი ორგანოს წევრთა მიერ არჩეული პირი.

2. დავის განმხილველი ორგანოს წევრთა მიერ არჩეული სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება შემოიფარგლება იმ სხდომით, რომელზეც იგი აირჩიეს.

    მუხლი 22. მხარეთა წარმომადგენლობა

1. ზეპირი განხილვისას მომჩივანი უფლებამოსილია წარმოდგენილი იყოს როგორც პირადად, ისე საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენლის საშუალებით.

2. მოპასუხე მხარედ გამოდის იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

    მუხლი 23. სხდომაზე დამსწრე პირთა გამოცხადების დამოწმება

1. საჩივრის ზეპირი განხილვისას აპარატის თანამშრომელი უზრუნველყოფს მომჩივნისა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლების გამოცხადების დამოწმებას. პირთა გამოცხადება აღინუსხება №6 დანართში მოცემული ფორმის შესაბამისად.

2. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით დასწრების შემთხვევაში, დამსწრე პირთა ვინაობას ამოწმებს იმ ორგანოს თანამშრომელი, საიდანაც ხდება ჩართვა.

    მუხლი 24. დავის განმხილველი ორგანოს სხდომის გახსნა და მიმდინარეობა

1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

2. სხდომის თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს, თუ მორიგი საჩივრის განხილვას ესწრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები.

    მუხლი 25. დავის განმხილველი ორგანოს წევრის აცილება

1. მომჩივანს უფლება აქვს მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვოს დავის განმხილველი ორგანოს შემადგენლობიდან ნებისმიერი წევრის აცილება.

2. აცილების თაობაზე მომჩივნის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს სხდომის თავმჯდომარე.

3. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აცილებული წევრი არ ესწრება და არ მონაწილეობს სხდომის იმ ნაწილში, რომელიც შუამდგომლობის დამყენებელი პირის საჩივარს შეეხება.

4. დავის განმხილველი ორგანოს წევრი არ შეიძლება მონაწილეობდეს საჩივრის განხილვაში, თუ იგი:

ა) საქმეში დაინტერესებული მხარეა;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

დ) არის/იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

ე) შრომით ურთიერთობაშია მომჩივანთან;

ვ) თავად ან თავისი ნათესავი ფლობს აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

5. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირები.

6. დავის განმხილველი ორგანოს წევრი ვალდებულია აცნობოს დავის განმხილველ ორგანოს აცილების საფუძვლების თაობაზე და მოითხოვოს თვითაცილება. თვითაცილების თაობაზე განცხადებას განიხილავს სხდომის თავმჯდომარე.

7. საჩივრის განხილვა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანოს წევრის აცილების შედეგად სხდომაზე არ რჩება წევრთა საკმარისი რაოდენობა.

    მუხლი 26. სხდომის ოქმის წარმოება

1. საჩივრის ზეპირი განხილვისას აპარატის თანამშრომელი აწარმოებს ოქმს.

2. სხდომის ოქმში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) სხდომის ჩატარების ადგილი და თარიღი;

ბ) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;

გ) განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი;

დ) საჩივრის ფარგლებში განსახილველი დავის საგნები;

ე) მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ვინაობა.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ დავის განმხილველი ორგანოს სხდომაზე დამსწრე წევრები და აპარატის თანამშრომლები, რომლებიც აწარმოებენ ოქმს.

    მუხლი 27. ექსპერტის მოწვევა

1. დავის განმხილველ ორგანოს, იმ საკითხების შესაფასებლად, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, უფლება აქვს ზეპირ განხილვაზე მოიწვიოს ექსპერტი (სპეციალისტი).

2. მომჩივანს უფლება აქვს მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვოს ექსპერტის აცილება.

3. დაინტერესებული მხარე ექსპერტად არ დაიშვება.

    მუხლი 28. მტკიცებულებათა დასაშვებობა

1. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს არ მიიღოს ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის მიზეზით არ იქნა წარდგენილი საგადასახადო ორგანოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. მომჩივანს ან/და მოპასუხე ორგანოს დავის წარმოებისას არა აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მანამდე წერილობით ან ქმედებით გამოხატა თანხმობა.

3. ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ექსპერტიზის შედეგების წარდგენის შემთხვევაში, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს მხოლოდ იმ ექსპერტიზის შედეგით, რომელიც მეტი სიზუსტით ასახავს საჩივრის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 29. განხილვის შეჩერება

1. დამატებითი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოების დადგენის მიზნით საჩივრის განხილვის შეჩერებისას დავის განმხილველი ორგანო წარუდგენს კითხვარს შესაბამის მხარეს ან მესამე პირს.

2. საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში აისახება განხილვის შეჩერების მიზეზები.

3. მხარეებისაგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის მოთხოვნისას გადაწყვეტილებაში მაქსიმალური სიზუსტით აისახება მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი ან/და საჭირო მტკიცებულებათა სახეობა.

4. დავის ფარგლებში მომჩივნის მიმართ ახალი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების აღმოჩენის მიუხედავად, დავის განმხილველი ორგანო მსჯელობს მხოლოდ გასაჩივრებული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში. დავის ფარგლებში დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება, გარდა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა, არ დაიშვება.

    მუხლი 30. განხილვის შეჩერება კვორუმის არარსებობის გამო

დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა არასაკმარისი რაოდენობის შეკრების შემთხვევაში საბჭოს აპარატი წერილობით ატყობინებს საგადასახადო დავაში ჩართულ პირებს განხილვის შეჩერების მიზეზისა და ვადის თაობაზე.

    მუხლი 31. საჩივრების გაერთიანება და გამოყოფა

1. მომჩივნის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე ან დავის განმხილველი ორგანოს ინიციატივით, დასაშვებია ერთი და იმავე პირის მიერ წარდგენილი სხვადასხვა საჩივრის გაერთიანება, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.

2. საჩივრების გაერთიანების შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადად მიიჩნევა ის პერიოდი, რომელიც გამოყოფილია პირველად რეგისტრირებული საჩივრის განსახილველად.

3. რამდენიმე პირის მიერ გაერთიანებული ფორმით წარდგენილი საჩივრის მიღებისას, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ცალკე წარმოებად გამოყოს თითოეული მომჩივნის საჩივარი.

    მუხლი 32. გადაწყვეტილების მიღება

1. დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს სხდომის თავმჯდომარე.

2. დაუშვებელია სხდომაზე დამსწრე წევრის მიერ ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

3. იმ წევრს, რომელიც არ ეთანხმება დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის შემცველი დოკუმენტი წარმოადგენს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ნაწილს, თუმცა არ გააჩნია სავალდებულო ძალა.

4. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

    მუხლი 33. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ:

ა) შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად;

ბ) შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

2. დავების განხილვის საბჭოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

    მუხლი 34. საკანონმდებლო ცვლილების საკითხის ინიცირება

იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის რომელიმე ნორმა სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლევა, იგი ავალებს თავის აპარატს უზრუნველყოს შესაბამისი ორგანოს წერილობითი ინფორმირება აღმოჩენილი ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის თაობაზე.

    მუხლი 35. გადაწყვეტილების გამოცხადება

1. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც წესი, ცხადდება მისი მიღებისთანავე.

2. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ზეპირი გამოცხადების გარეშე, მომჩივანს წერილობით აცნობოს.

    მუხლი 36. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადება

1. საბჭოს უფლება აქვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომჩივნის თანხმობით გამოაცხადოს საჯაროდ.

2. საბჭოს გადაწყვეტილებას აცხადებს საბჭოს აპარატი.

    მუხლი 37. გადაწყვეტილების გაფორმება

1. აპარატი უზრუნველყოფს დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას.

2. გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს:

ა) დავის განმხილველი ორგანოს დასახელება;

ბ) გადაწყვეტილების მიმღები პირების დასახელება/სახელი და გვარი;

გ) მომჩივნის დასახელება;

დ) შემმოწმებელი ორგანო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საჩივრის რეგისტრაციის თარიღი;

ვ) საჩივრის უნიკალური ნომერი;

ზ) გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

თ) სადავო თანხა (თუ ეს შესაძლებელია საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით);

ი) საჩივართან დაკავშირებული პროცედურული გარემოებები;

კ) ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც უკავშირდება დავის საგანს;

ლ) მომჩივნისა და შემმოწმებელი ორგანოს არგუმენტები; დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის არგუმენტები;

მ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, სადაც უნდა იყოს მითითებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები;

ნ) სარეზოლუციო ნაწილი;

ო) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

    მუხლი 38. გადაწყვეტილების ხელმოწერა

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს პირი, რომელიც თავმჯდომარეობდა სხდომას. თუ ეს შეუძლებელია ამ პირის მივლინების, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის გამო, გადაწყვეტილებას ხელს აწერს დავების განხილვის საბჭოს წევრი – აპარატის უფროსი, ხოლო შემოსავლების სამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.

    მუხლი 39. გადაწყვეტილების გაგზავნა

დავის განმხილველი ორგანოს შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილება ეგზავნება მხარეებს. საჭიროებისამებრ, დასაშვებია გადაწყვეტილების გაგზავნა მესამე პირისათვის საგადასახადო საიდუმლოების გაუხმაურებლობის პრინციპის გათვალისწინებით.

    მუხლი 40. შეცდომის გასწორება

დავის განმხილველ ორგანოს საკუთარი ინიციატივით, ან ერთ-ერთი მხარის მოტივირებული განცხადების საფუძველზე უფლება აქვს გაასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული უზუსტობა.

    მუხლი 41. გადაწყვეტილების განმარტება

1. დავის განმხილველი ორგანო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წერილობით განმარტებას უგზავნის დავის წარმოებისას მოპასუხე საგადასახადო ორგანოსა და მომჩივანს.

2. განმარტებაში უნდა აისახოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილი, დასმული შეკითხვა და დავის განმხილველი ორგანოს განმარტება.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.

    მუხლი 42. საგადასახადო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანების შესახებ სათანადო ორგანოს ინფორმირება

1. დავის განმხილველი ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ აპარატი ატყობინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო სტრუქტურულ ერთეულს.

2. ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანების შესახებ იგზავნება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

თავი V

გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი

    მუხლი 43. განცხადების რეგისტრაცია

1. მომჩივანს უფლება აქვს ელექტრონული ან წერილობითი განცხადებით შეატყობინოს დავის განმხილველი ორგანოს მიერ მის მიმართ გამოცემული გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

2. გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებული განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა დავის განმხილველი ორგანოს აპარატი გამოითხოვს დასკვნას საგადასახადო ორგანოდან აღსრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ და წარუდგენს მას დავის განმხილველ ორგანოს.

    მუხლი 44. განცხადების განხილვის ვადა

განცხადების განხილვა ხდება იმავე ვადებში, რაც გამოყოფილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განსახილველად.

    მუხლი 45. გადაწყვეტილების მიღება

1. გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას აღსრულებისათვის საჭირო მექანიზმების გამოყენების შესახებ.

2. აღუსრულებლობის მიზეზების შეფასებისას დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში აღინიშნება ორგანო, რომელსაც უნდა ეცნობოს აღმოჩენილი დარღვევის თაობაზე.

    მუხლი 46. გადაწყვეტილების გაგზავნა

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება დავის მხარეებს.

თავი VI

მზა ფორმები

    მუხლი 47. მზა ფორმების გამოყენება

1. დავის წარმოებისას გამოიყენება დანართებში მითითებული ფორმები.

2. დანართებში მითითებული ფორმების გამოყენება მომჩივნებისათვის არ არის სავალდებულო ხასიათის.

                              დანართი №1 – საჩივრის ფორმა:

 

საჩივარი №

 

შემსრულებელი

 

ივსება აპარატის თანამშრომლის მიერ

                                  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა

 

                                                         საჩივარი

                   (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299‑ე მუხლის შესაბამისად)

 

ეს საჩივარი არის ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი და შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს უფლებებსა და მოვალეობებზე

 

1. მომჩივანი

 

 

2. დავის განმხილველი ორგანო[1]

ა) შემოსავლების სამსახური

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

3. საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი

 

4. ოფიციალური მისამართი

 

5. ფაქტობრივი მისამართი (თუ იგი განსხვავდება ოფიციალური მისამართისაგან)

 

6. ტელეფონი

 

 

7. მობ. ტელეფონ(ებ)ი[2]

 

 

8. ფაქსი/ელფოსტა

 

 

9. წარმომადგენელი

 

 

10. წარმომადგენლის მისამართი

 

 

11. წარმომადგენლის (მობილური) ტელეფონი

 

 

12. მოპასუხე საგადასახადო ორგანო

 

13. გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები

ა) გამოცემის თარიღი

ბ) დოკუმენტის ნომერი

გ) ჩაბარების თარიღი

 

 

 

დ) სათაური

 


14. სხვა გასაჩივრებული დოკუმენტების ჩამონათვალი

(მიუთითეთ თითოეული დოკუმენტის რეკვიზიტი, რომლის ნაწილობრივ/სრულ გაუქმებასაც ითხოვთ დავის განმხილველი ორგანოსაგან)

 

 

15. სადავო თანხა

სულ

 

მათ შორის:

       

16. ფაქტების აღწერა

(ქრონოლოგიურად აღწერეთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას)[3]

17. თქვენი არგუმენტები

(მიუთითეთ, თუ რა საფუძვლით მიაჩნია მომჩივანს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება არამართლზომიერად. დასაბუთებისას უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიულ აქტებში არსებული დებულებები, რომლებიც თქვენი პოზიციის მართებულობაზე მეტყველებს)[4]

 

თქვენი მოთხოვნა

(მიუთითეთ მომჩივნის მოთხოვნა (მაგ.: „საგადასახადო მოთხოვნის“ სრულად/ნაწილობრივ გაუქმება; შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად/ნაწილობრივ გაუქმება და ა.შ.)

19. თქვენს საჩივარზე დართული მტკიცებულებების ჩამონათვალი

(მიუთითეთ საჩივარზე დართული თითოეული დოკუმენტის დასახელება)

 

 20. დადასტურება

p თანახმა ვარ, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საჯაროდ;

p ვადასტურებ, რომ წინამდებარე საჩივრის ფორმით მოწოდებული ყველა ცნობა ნამდვილია.

 

ა) საჩივრის შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა

 

ბ) ადგილი

 

გ) თარიღი

 

 

მომჩივნის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

                   დანართი №2 – საჩივარზე ნაწილობრივ/სრულად უარის თქმა

 

შემოსავლების სამსახურს/საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს (გაესვას ხაზი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------

მომჩივნის (მომჩივნის წარმომადგენლის) სახელი, გვარი (დასახელება), პირადი ნომერი

 

განცხადება

 

თქვენს წარმოებაშია –––––––––––––––––––––––––––– (სნ) –––––––––––––––––– საჩივარი

                                        (მომჩივნის დასახელება)               (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

რომელზედაც უარს ვაცხადებ სრულად/ ნაწილობრივ, მხოლოდ შემდეგ საკითხებზე

 (გაესვას ხაზი)

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:                     ––––––––––––––––––––––––––

                                                                                        (ხელმოწერა)

თარიღი: ––– –––––––––––––––– 20 წ.

              (დღე)    (თვე) (წელი)

                                                    

                  

 

 

                       დანართი №3 – განმეორებით შემოწმებაზე თანხმობა

 

მომჩივნის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის

თანხმობის ფორმა

მე, ქვემორე ხელმომწერი პირი,

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

თანახმა ვარ №–––––––––––––– საჩივარში წამოჭრილი სადავო საკითხის განმეორებით განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარდეს

 

მომჩივნის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                   (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

საგადასახადო შემოწმების ჩატარება.

 

თარიღი: 20 ––– წლის –––––––––––––––––––––––––––––––––

 

ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––––

 

                                  დანართი №4 – ინფორმაციის გამოთხოვა

 

მომჩივნის –––––––––––––––––––––––

სნ –––––––––––––––––––––––

                                                                       გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ

გთხოვთ, გადმომცეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში №– – – / – / – – საჩივრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

 

1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადმოცემის ფორმა (მონიშნეთ სასურველი ფორმა):

□ პირადად

□ ფოსტით შემდეგ მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თარიღი: ––/––/––– (დღე, თვე, წელი)              ხელმოწერა: –––––––––––––––

           

        დანართი №5 – თანხმობა მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემის თაობაზე

 

თანხმობის ფორმა მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემის თაობაზე

 

მე, ქვემორე ხელმომწერი პირი,

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

თანახმა ვარ №–––––––––––––– საჩივარში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია

ა) სრულად

ბ) ნაწილობრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადაეცეს

 

ა) ნებისმიერ პირს

ბ) შემდეგ პირს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                        (ინფორმაციის/დოკუმენტაციის ადრესატის სახელწოდება)

 

თარიღი: 20 ––– წლის –––––––––––––––––––––––––––––––––

 

ხელმოწერა:                  ––––––––––––––––––––––––––––

 

        დანართი №6 – ზეპირ განხილვაზე დამსწრე პირთა გამოცხადების რეესტრი

 

დავის განმხილველი ორგანოს: შემოსავლების სამსახურის / დავების განხილვის საბჭოს

                                                                                                    (გაესვას ხაზი)

საჩივრების 20 ––– წლის ––––––––––––––––––– ჩატარებულ ზეპირ განხილვაზე გამოცხადებულ პირთა რეესტრი:

 

მომჩივანი

გამოცხადებული პირი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი:                                                      ხელმოწერა:

 

 

           დანართი №7 – საქმეში არსებული მასალების ადგილზე გაცნობის ოქმი

 

№ ––––––––––––––– საჩივარზე

საქმის მასალების გაცნობის ოქმი

მომჩივანი–––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საიდენტიფიკაციო ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი და გვარი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მასალების გაცნობის თარიღი და დრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის მასალებს გავეცანი, მოთხოვნილი ასლები ჩავიბარე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით

 

ხელმოწერა:



[1] აირჩიეთ ის ორგანო, რომელმაც გსურთ, რომ განიხილოს თქვენი საჩივარი.

[2] ამ ველში მითითებულ პირველ ნომერზე გამოგეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები თქვენი საჩივრის განხილვის მიმდინარეობის შესახებ.

[3] საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ფურცლები.

[4] საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ფურცლები.

16/12/2011
პირველადი სახე
Comments